ერმაკ-მაკფოლის ჯგუფი: სანქციების გამო რუსეთი თვეში $7 მილიარდს კარგავს
12/09/2023 13:21:00 მსოფლიო
ერმაკ-მაკფოლის საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც მუშაობს რუსეთის სანქცირების რეკომენდაციებზე, უკვე დაწესებული შეზღუდვებით ოფიციალური მოსკოვის დანაკარგები თვეში 5-დან 7 მილიარდ დოლარამდე შეაფასა.
ჯგუფმა ასევე მოამზადა ახალი დოკუმენტები ენერგეტიკული სანქციების გამკაცრებისა და რუსული სახელმწიფო აქტივების კონფისკაციის შესახებ. მხოლოდ არსებული შეზღუდვების განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესებამ შეიძლება, კიდევ უფრო – თვეში საშუალოდ კიდევ სამი მილიარდი დოლარით შეამციროს რუსეთის ნავთობითა და გაზით მისაღები შემოსავლები – განაცხადა ჯგუფის წარმომადგენელმა.
ევროკავშირის იანვრის ანგარიშის მიხედვით, რუსეთი ნავთობის ემბარგოს გამო დღეში დაახლოებით 160 მილიონ ევროს კარგავს.
ერმაკ-მაკფოლის ჯგუფმა უკვე შესთავაზა რუსული ნავთობის ფასის დაწესებული ზღვრის შემცირება 60-დან 45 დოლარამდე და სანქციების შემოღება "როსტომისა" და "გაზპრომბანკის" წინააღმდეგ.
ჯგუფი ასევე საუბრობს დასავლეთის ქვეყნების მიერ გაყინული რუსული საერთაშორისო რეზერვების კონფისკაციის მნიშვნელობაზე. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები უნდა იყოს „პირველი სამიზნე“. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ყოველგვარი სამართლებრივი მიზეზის გარეშე შეიჭრა და ვალდებულია, გადაიხადოს ომის ყველა დანაშაულისთვის.
დასავლეთის ქვეყნები იკვლევენ გაყინული რუსული აქტივების კიევისთვის გადაცემის შესაძლებლობას უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის.


