შვედეთი უკრაინისთვის Gripen–ის გამანადგურებლების მიწოდებას განიხილავს
12/09/2023 12:07:48 მსოფლიო
შვედეთის მთავრობა მალე დაავალებს შეიარაღებულ ძალებს, შეისწავლოს უკრაინისთვის Gripen–ის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობა,– იუწყება რადიო Ekot.
როგორც იტყობინებიან, მთავრობას სურს, მიიღოს ინფორმაცია, როგორ იმოქმედებს უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდება შვედეთის თავდაცვით შესაძლებლობებზე და რამდენად სწრაფად შეძლებს სახელმწიფო, მიიღოს ახალი Gripen–ები კომპენსაციის სახით.
გარდა ამისა, მთავრობამ უნდა განსაზღვროს, როგორ უნდა გაიარონ წვრთნა უკრაინელმა მფრინავებმა და დანარჩენმა პერსონალმა.
Saab JAS 39 Gripen არის მეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელი, რომელიც შექმნილია უნივერსალურობის გათვალისწინებით. ფორმალურად ის მიეკუთვნება გამანადგურებელთა კლასს, მაგრამ ჩაფიქრებული იყო როგორც მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელსაც სხვადასხვა ამოცანების შესრულება შეუძლია.
მაისის ბოლოს შვედეთის მთავრობამ უკრაინელ პილოტებს საშუალება მისცა, გაიარონ სწავლება JAS 39 Gripen-ის თვითმფრინავებზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შვედური Gripen-ის უკრაინისთვის გადაცემა სხვა ქვეყნებთან F-16-ების მიწოდებასთან კოორდინირებული უნდა იყოს. ამავდროულად, შვედეთის პრემიერმა ულფ კრისტერსონმა თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება თვითმფრინავები საკუთარი თავდაცვისთვის, რადგან ნატო–ში გაწევრიანებაზე ქვეყნის განაცხადი ჯერ არ დაკმაოყოფილებულა. თუმცა, მან არ გამორიცხა სამომავლოდ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემა.


