რუსების მიერ უკრაინაში გასაოცარი მასშტაბით "განადგურებული" სამხედრო ტექნიკა სატყუარა აღმოჩნდა

12-09-2023 13:00:26 ეს საინტერესოა

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინული სამხედრო ტექნიკის, მათ შორის დასავლეთის მიერ მოწოდებულის, გასაოცარი მასშტაბით განადგურების შესახებ. თუმცა, ამ სამიზნეების ნიშვნელოვანი ნაწილი სატყუარაა, რომლებიც სპეციალურად არის განთავსებული ბრძოლის ველზე. უკრაინა აქტიურად ანაცვლებს ჰაუბიცებს, ტანკებს, ნაღმმტყორცნებსა და რადარებს მაკეტებით, რათა აიძულოს რუსული ჯარები, ხარჯონ დრონები, რაკეტები და ჭურვები, – იუწყება CNN.

მაკეტების წარმოებას ახორციელებს წამყვანი უკრაინული სამთო და მეტალურგიული კომპანია Metinvest.

”ყოველი დარტყმის შემდეგ, სამხედროები გვაწვდიან ფრაგმენტებს. თუ მაკეტი განადგურდა, ტყუილად არ გვიმუშავია“, - განუცხადა Metinvest-ის წარმომადგენელმა CNN-ს.

ამავდროულად, მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად ნადგურდება სატყუარა, მით უფრო მაღალია პროდუქტის ხარისხი: თუ მას დიდი ხნის განმავლობაში არ ესვრიან, ინჟინრები ნახაზებს უბრუნდებიან.

რუსმა სამხედროებმა უკვე გაანადგურეს ასობით მაკეტი, – ამბობს Metinvest-ის წარმომადგენელი და დასძენს, რომ კომპანია ვერ ეწევა სამხედროებისგან გაზრდილ მოთხოვნას. წარმოებას სწრაფად უწევს ადაფტირება.

თავდაპირველად, მაკეტები საკმაოდ უხეში იყო, ხოლო მიზანი – მტრის მოტყუება, იმის ჩვენება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკეთესად იყო აღჭურვილი, ვიდრე რეალურად. დასავლური აღჭურვილობის მიწოდებამ კომპანია აიძულა, პროტოტიპების მსგავსი სატყუარების დამზადების ახალი გზები გამოეგონა, მით უმეტეს, რომ უკრაინაში იარაღის უფრო და უფრო რთული ტიპები შედის.

”ომი ძვირადღირებული ბიზნესია და ჩვენ უნდა ვაიძულოთ რუსები, დახარჯონ ფული დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, რათა გაანადგურონ ჩვენი სატყუარები. დრონები და რაკეტები ძვირია, ხოლო ჩვენი მოდელები ბევრად, ბევრად იაფი“, - განმარტავს Metinvest-ის წარმომადგენელი.

მაგალითად, 155 მმ-იანი M777 ჰაუბიცა, რომელიც ამჟამად გამოიყენება უკრაინაში, ემსახურება ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას. მისი ღირებულება 4 მილიონ დოლარამდეა, ხოლო Metinvest მას ჩვეულებრივი საკანალიზაციო მილებით 1000 დოლარად ამზადებს.

უკრაინელები ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ თავიანთი მტერი ომის დაწყებიდან - და მანამდეც. 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, შეჭრის მოლოდინში, მათ გადააადგილეს მრავალი დანაყოფი მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან, ასევე აღჭურვილობა, მათ შორის ტანკები, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა და საზენიტო ბატარეები, – განუცხადა შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ჟურნალ Times-ს:

„მიზანი იყო, მტერს ჰგონებოდა, რომ ყველაფერი ბაზებზე განვალაგეთ, ვეწეოდით ბალახს, ვუყურებდით ტელევიზორს და ვწერდით "ფეისბუქზე".

და დღემდე, იარაღის დეფიციტი აიძულებს უკრაინელ სამხედროებს, იყვნენ გამომგონებლები. „ჩვენ ვცდილობთ, საბრძოლო გამოცდილება სამხედრო ეშმაკობასთან გავაერთიანოთ – მოვატყუოთ მტერი, გამოვიგონოთ ახალი ხაფანგები“, - განუცხადა CNN-ს სპეცრაზმის მეთაურმა იური მიკულიაკმა.

რუსეთის ლიდერებმა არაერთხელ შეაფასეს განადგურებული უკრაინული ტექნიკის რაოდენობა. მაგალითად, 2023 წლის ივნისში უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინელებმა დაკარგეს 246 ტანკი, მათ შორის 13 დასავლური ტიპის, ხოლო თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განიცადეს "მნიშვნელოვანი დანაკარგები". თავად პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა გაანადგურა "ხუთი პატრიოტის კომპლექსი" კიევთან, რეალურად კი უკრაინას მხოლოდ ორი ჰქონდა – ერთი კიევს გადასცა შეერთებულმა შტატებმა, მეორე - გერმანიამ და ნიდერლანდებმა. რაც სეეხება "განადგურებულ" ტანკებს, რეალურად, ერთ თვეზე ნაკლებ დროში უკრაინულმა ჯარებმა თითქმის ექვსჯერ ნაკლები ტანკი დაკარგეს: Oryx-ის მიხედვით [ითვლის დანაკარგებს ორივე მხარეს მტკიცებულებებით], 31 მაისის მდგომარეობით, უკრაინამ ომში ჯამში 506 ტანკი დაკარგა. 22 ივნისისთვის ეს მაჩვენებელი 550-მდე გაიზარდა. ამრიგად, თუ შეტევის დასაწყისად 1 ივნისს ავიღებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა 44 ტანკი. ეს 5,6-ჯერ ნაკლებია ვიდრე პატრუშევმა განაცხადა.

Oryx თვლისას ითვალისწინებს მხოლოდ დოკუმენტირებულ შემთხვევებს (ფოტოების ან ვიდეოების სახით), ამიტომ ითვლება, რომ მხარეთა რეალური ზარალი უფრო მაღალია, მაგრამ არა მნიშვნელოვნად. გარდა ამისა, ჩვეულებრივ, ორივე მხარე ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინოს თავიანთი წარმატებების მეტი მტკიცებულება დრონების დახმარებით, რომლებიც აკონტროლებენ საომარი მოქმედებების მიმდინარეობას, რაც თანამედროვეობაში არც თუ რთულია.

იმავდროულად, რუსეთის ჯარებმა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვაზე იმყოფებოდნენ, დაკარგეს მეტი ტანკი, ვიდრე უკრაინულებმა: 31 მაისს Oryx-მა დაითვალა ჯამში 2001 ტანკი, ხოლო 22 ივნისს – 2054. ამრიგად, რუსეთი ივნისში დარჩა 53 ტანკის გარეშე უკრაინის 44-ის წინააღმდეგ. არადა ტრადიციულად ითვლება, რომ თავდამსხმელის დანაკარგები დაახლოებით სამჯერ აღემატება დამცველის დანაკარგებს.

რუსი ჯარისკაცები და მეთაურები რამდენჯერმე აწვდიან ინფორმაციას ხელმძღვანელობას თითქოს განადგურებული უკრაინული ტექნიკის შესახებ, რათა მეტი ფული მიიღონ, - განუცხადა BBC-ის რუსულ სამსახურს რუსმა ლეიტენანტმა დიმიტრი მიშოვმა, რომელიც ომს გამოექცა.

სპეციალისტების სეფასებით, რუსეთის არმიამ უკვე დაკარგა უკრაინის ომისთვის მომზადებული ტანკების დაახლოებით ორი მესამედი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები