Accentnews.ge
ანზორ ჩუბინიძე: პრემიერ-მინისტრის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა

ანზორ ჩუბინიძე: პრემიერ-მინისტრის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა

12/09/2023 08:08:29 პოლიტიკა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მივახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ანზორ ჩუბინიძემ.

ცნობისთვის: 11 სექტემბერს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის გამოძიების დაწყებას მოთხოვენ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.

ამასთან, პარტია „ლელო“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. ინიციატივა ეყრდნობა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და მისი ვაჟის ჩარტერული რეისით მგზავრობას უკავშირდება.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით გაემგზავრა, ხოლო, იქიდან აშშ-ის მიმართულებით - რეგულარული რეისით. ფრენის საფასური პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S