
გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული: შესაძლოა, 150-ზე მეტი ოჯახი დაექვემდებაროს გასახლებას
12/09/2023 07:55:06 საზოგადოება
გურიაში 8 სექტემბერს მომხდარი სტიქიის გამო შესაძლოა, 150-ზე მეტი ოჯახი დაექვემდებაროს გასახლებას. ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.
"147 ადამიანია გაყვანილი სასტუმროში, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს. სამწუხაროდ, რჩებიან ოჯახები, რომლებიც მიუხედავად თხოვნისა და რეკომენდაციისა, უარს აცხადებენ საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო, მოვიწოდო მათ, გადავიდნენ უსაფრთხო გარემოში, დროებით საცხოვრისს უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტი. ადგილზე მუშაობენ გეოლოგების ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად შეისწავლიან ყველა ადგილს, სადაც მოხდა სტიქია და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს. გეოლოგების წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, 150-ზე მეტი ოჯახი დაექვემდებაროს გასახლებას. გეოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე გვექნება შესაძლებლობა, ზუსტი ციფრები ვთქვათ“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს:
"ყველა უბანში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ჩართულია როგორც სპეციალური ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ცხელი ხაზი ფუნქციონირებს როგორც მუნიციპალიტეტებში, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. ხდება ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ურიგდება. ამ ეტაპზე 600-ზე მეტ ოჯახს გაეწია ჰუმანიტარული დახმარება“.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 40 აბონენტი რჩება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 720 აბონენტი რჩება.
"ადგილზე მუშაობენ „ენერგოპროჯორჯიას“ წარმომადგენლები. ასევე „სოკარგაზის“ წარმომადგენლები ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად მუშაობას განაგრძობენ“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.
რაც შეეხება ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზას, მისი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და გზის ამ მონაკვეთის აღსადგენად აქტიური მუშაობა დაიწყება.