რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
12/09/2023 06:56:50 მსოფლიო
რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში, სოფელ კამენკას მახლობლად "ურალის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მინდორში ავარიულად დაეშვა. წინასწარი ინფორმაციი, მსხვერპლი არ არის.
Airbus A320 სოჭიდან ომსკში მიფრინავდა.
ნოვოსიბირსკის გუბერნატორის ანდრეი ტრავნიკოვის ცნობით, ბორტზე 170 ადამიანი იყო, მათ შორის 23 ბავშვი.
"დღეს 09:44 საათზე ნოვოსიბირსკის ოლქის უბინსკის რაიონში ურალის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სოჭიდან ომსკში მიფრინავდა, ადგილზე ავარიულად დაეშვა. ბორტზე 170 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 23 ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, ხანძარი არ დაფიქსირებულა", - დაწერა მან.
Flightradar-ის ცნობით, თვითმფრინავი ომსკის აეროპორტში ვერ დაეშვა, განგაში გამოაცხადა და ალტერნატიული აეროდრომისკენ გაემართა.
ომსკის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიტალი ხოცენკომ განუცხადა რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS-ს, რომ ავარიული დაშვების წინასწარი მიზეზი ჰიდრავლიკური სისტემის გაუმართაობა იყო.
ინციდენტის მიზეზები ოფიციალურად არ გაჟღერებულა.


