
კიმ ჩენ ინი რუსეთს ეწვია
12/09/2023 05:44:26 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უკვე რუსეთის ტერიტორიაზეა. ჩრდილოეთ კორეის მედია წერს, რომ კიმი ფხენიანიდან რუსეთისკენ კვირას თავისი პირადი მატარებლით გაემგზავრა, მასთან ერთად არიან მთავრობისა და სამხედრო ძალების მაღალჩინოსნები.
რემლის პრეს–სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, კონკრეტულად სად გაიმართება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.
"ჯერჯერობით არ ვამბობთ, შორეულ აღმოსავლეთში", - განაცხადა მან.
მისი თქმით, გაიმართება მოლაპარაკებები ორ დელეგაციას შორის ქვეყნების ლიდერების ხელმძღვანელობით, ასევე – პირისპირ კომუნიკაცია. კიმ ჩენ ინის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამიც იგეგმება.
11 სექტემბერს აშშ–მა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს.
ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში The New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ იგეგმებოდა ორი ქვეყნის ლიდერის მოსკოვში შეხვედრა, სადაც განხილვის მთავარი საკითხი მოსკოვის იარაღით მომარაგება იქნებოდა. აგვისტოს ბოლოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.