
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
11/09/2023 18:31:26 საზოგადოება
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართული შეჯიბრების ფინალში ქართველმა მოჭადრაკეებმა ყაზახეთის ნაკრები დაამარცხეს.
მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში თორმეტი ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. ექვს-ექვსი გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა და ოთხ-ოთხმა საუკეთესომ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. შემდეგ კი შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით გაგრძელდა.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა 2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონს - უკრაინას მოუგო. ფინალის გზაზე კი ასევე უძლიერეს ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებებს აჯობა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ: ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია.