პესკოვი: „კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, მათ შორის ოფიციალური ვახშამი გაიმართება"
11/09/2023 17:12:13 მსოფლიო
კრემლის პრეს–სპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, მათ შორის ოფიციალური ვახშამი გაიმართება".
მისივე თქმით, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
„ეს იქნება სრულმასშტაბიანი ვიზიტი. ასევე დაგეგმილია ოფიციალური ლანჩი“, - განაცხადა პესკოვმა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, რუსეთში 13 სექტემბერს გაიმართოს. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მმართველი სავარაუდოდ, უკვე გაემგზავრა რუსეთში.
დღეს აშშ–მა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს.
ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში The New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ იგეგმებოდა ორი ქვეყნის ლიდერის მოსკოვში შეხვედრა, სადაც განხილვის მთავარი საკითხი მოსკოვის იარაღით მომარაგება იქნებოდა. აგვისტოს ბოლოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.


