Accentnews.ge
აშშ ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს,  რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს

აშშ ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს,  რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს

11/09/2023 16:09:08 მსოფლიო

აშშ ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა გააკეთა.

"რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეიარაღების შესახებ დისკუსიები სავარაუდოდ, გაგრძელდება კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის დროს. ჩვენ მოვუწოდებთ ფხენიანს, დაიცვას მის მიერ აღებული ვალდებულებები და არ მიაწოდოს და არ მიყიდოს იარაღი რუსეთს", – განაცხადა უოტსონმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, რუსეთში 13 სექტემბერს გაიმართოს. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მმართველი სავარაუდოდ, უკვე გაემგზავრა რუსეთში.

ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში The New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ იგეგმებოდა ორი ქვეყნის ლიდერის მოსკოვში შეხვედრა, სადაც განხილვის მთავარი საკითხი მოსკოვის იარაღით მომარაგება იქნებოდა. აგვისტოს ბოლოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S