Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წევრებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წევრებს შეხვდა

11/09/2023 14:50:56 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წევრებს ხვდება. მან უკვე გამართა კონსულტაციები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან სალომე სამადაშვილთან, ხატია დეკანოიძესთან, ანა ბუჩუკურთან და ნათია მეზვრიშვილთან.

ცნობილია, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს.

„ვსაუბრობდით, რომ ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, როგორ შეიძლება, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანას, ევროინტეგრაციის პროცესს. იცით, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებთ, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის არ დაიხურება. ვადასტურებ, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით ინიციატივა მოდიოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის მთავარი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

"ლელოს" წევრი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, "პრეზიდენტი უკიდურესად შეშფოთებულია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს":

„საქართველოს პრეზიდენტი არის უკიდურესად შეშფოთებული, მე როგორც მივხვდი ამ შეხვედრაზე, რომელიც მისი ინიციატივით გაიმართა, შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ერთის მხრივ, ვხედავთ, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად გვითხრა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად პოლიტიკურად გახსნილია გზა საქართველოსთვის, მეორეს მხრივ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს. ცხადია, ამ საბოტაჟის შემადგენელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც დაიწყო მმართველმა გუნდმა. პრეზიდენტს სურს, მოძებნოს გზა, რომ ჩვენ როგორმე უზრუნველვყოთ ის, რომ მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მცდელობისა, რომ ყველაფერი გაკეთდეს, ჩვენ არ მივიღოთ სტატუსი, დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ რუსული ოცნება არ ასრულდეს და ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას შევხედრების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გაუვრცელებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S