Accentnews.ge
"მოსადის" ხელმძღვანელი: ირანის მცდელობა, მიეწოდებინა რუსეთისთვის რაკეტები, აღკვეთილ იქნა

"მოსადის" ხელმძღვანელი: ირანის მცდელობა, მიეწოდებინა რუსეთისთვის რაკეტები, აღკვეთილ იქნა

11/09/2023 11:59:29 მსოფლიო

რუსეთი და ირანი აძლიერებენ თანამშრომლობას სამხედრო სფეროში: თეირანი მზად იყო, მოსკოვისთვის რაკეტები მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი მისგან შეეძინა თანამედროვე ტიპის იარაღი, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საკუთრივ ისრაელის არსებობას. ამის შესახებ ტერორიზმის წინააღმდეგ გამართულ კონფერენციაზე ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის "მოსადის" დირექტორმა დევიდ ბარნეამ განაცხადა.

გარდა უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომელთაც ირანი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად რუსეთზე დაახლოებით, ერთი წელია, ყიდის, ასევე აპირებდა მისთვის მიეწოდებინა მცირე და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, – თქვა ბარნეამ (მას ციტირებს The Times of Israel. ). მაგრამ, მისი თქმით, რაკეტების მიწოდების მცდელობები აღიკვეთა. ისრაელის სპეცსამსახურის ხელმძღვანელს დეტალებზე არ უსაუბრია, მხოლოდ დასძინა: ”მაქვს განცდა, რომ ახალი შეთანხმებები მალე აღიკვეთება.”

თავდაპირველად, როგორც დასავლური მედია იტყობინებოდა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ირანელებს არ სურდათ რაკეტების მიწოდება. მაგრამ 2022 წლის ოქტომბერში The Washington Post-მა დაწერა აშშ-სა და მის მოკავშირეებზე დაყრდნობით, რომ თეირანი ფარულად დათანხმდა "მიწა–მიწა" რაკეტების გადაცემას: გადასაცემად ამზადებდნენ Fateh-110-ისა და Zofaghar-ის რაკეტების პირველ პარტიას, რომელთაც სამიზნის განადგურება 300 და 700 კმ-მდე მანძილდე შეუძლიათ.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ დეკემბერში განაცხადა, რომ, შეერთებული შტატების ცნობით, ირანი განიხილავს რუსეთისთვის „ასობით ბალისტიკური რაკეტის“ მიყიდვას.

თუმცა, 2023 წლის მარტში Financial Times-მა ნატოს შეფასებებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მოსკოვი ყოყმანობდა შესყიდვაზე იმის შიშით, რომ შეერთებული შტატები დაიწყებდა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ATACMS–ის რაკეტების მიწოდებას. ვაშინგტონის წარმომადგენლებმა მაშინ საჯაროდ გააფრთხილეს ირანი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების უარყოფითი შედეგების შესახებ.

მას შემდეგ კიევმა მიიღო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც, ბოლო ცნობების თანახმად, იხრება იქეთკენ, რომ საბოლოოდ უზრუნველყოს უკრაინა ATACMS–ებით.

რაც შეეხება რუსულ ტექნიკას, ბარნეამ თქვა:

„ჩვენ გვეშინია, რომ სანაცვლოდ რუსები ირანელებს მისცენ იმას, რაც მათ არ აქვთ – თანამედროვე იარაღს, რაც, რა თქმა უნდა, საფრთხეს შეუქმნის მშვიდობას [ისრაელში] და ჩვენს არსებობასაც კი. მაგრამ თუ ისრაელის მოქალაქეები დაზარალდებიან ირანის ქმედებებით, ირანის ლიდერები ამისთვის გადაიხდიან, რადგან მაშინ ისრაელი მიაღწევს ირანის ხელმძღვანელობის "უმაღლეს ეშელონებამდე", – გააფრთხილა "მოსადის" ხელმძღვანელმა.

კირბიმ დეკემბერში განაცხადა, რომ რაკეტების სანაცვლოდ რუსეთი ირანს „უპრეცედენტო სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობდა, რომელიც მათ ურთიერთობას სრულფასოვან სამხედრო პარტნიორობაში გადაზრდიდა“.

მისი თქმით, რუსეთი ამზადებს ირანელ პილოტებს სუ-35–ის გამანადგურებლებით ფრენისთვის, რომელთა მიღებაც ირანს ერთი წლის განმავლობაში შეუძლია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S