ჯორჯ ბუში: ამერიკელებს ვინმემ უნდა აუხსნას, რატომ არის უკრაინა ასეთი მნიშვნელოვანი
11/09/2023 10:43:07 მსოფლიო
შეერთებული შტატები უკრაინას მხარს დაუჭერს მანამ, სანამ ის ყველა რუს ოკუპანტს არ განდევნის თავისი მიწიდან,– ამის შესახებ კიევში, იალტის ევროპული სტრატეგიის მე-18 შეხვედრაზე ამერიკის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ადამიანები თავისუფლებისთვის იბრძვიან, ეს მხარდაჭერისთვის დამატებით მოტივაციას იძლევა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ არ იცის, იქნება თუ არა ეს მხარდაჭერა მდგრადი.
"პირველი, რაზეც უკრაინამ უნდა იზრუნოს, რათა შეერთებული შტატების მხარდაჭერა უზრუნველყოს, არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ჩვენ ამაზე ვხარჯავთ ფულს და ბევრი ამერიკელი გაღიზიანებულია, თუ ფული რუსეთთან ბრძოლის ნაცვლად სხვის ჯიბეში მიდის," - აღნიშნა ბუშმა და დასძინა, "ვინმემ ამერიკელებს უნდა აუხსნას, რატომ არის უკრაინა ასეთი მნიშვნელოვანი".
"თუ უკრაინა დაეცემა, რა ბედი ეწევა პოლონეთს, რუმინეთს, ლატვიას ან ლიეტუვას?" - დასვა კითხვა ექს–პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, ვაშინგტონმა კიევს მშვიდობის იდეა თავს არ უნდა მოახვიოს:
"ჩვენ შეგვიძლია კონსულტაციები, შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენი აზრი, მაგრამ არ შეიძლება უკრაინას თავისი ტერიტორიის ნაწილის აგრესორისთვის დათმობა მოვთხოვოთ!".


