ბრაზილიის პრეზიდენტმა ჰააგის ორდერის საფუძველზე პუტინის დაპატიმრებისგან დაცვის გარანტიით უზრუნველყოფა გადაიფიქრა
11/09/2023 10:30:38 მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა აღარ იძლევა გარანტიას, რომ ვლადიმირ პუტინი არ დააპატიმრებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნით, თუ ის ქვეყანას ეწვევა,– ამის შესახებ მან G20 სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, – იტყობინება Bloomberg.
„თუ პუტინი გადაწყვეტს ბრაზილიაში ჩამოსვლას, სასამართლო გადაწყვეტს, დააპატიმროს თუ არა და არა მე“, - თქვა ლულა და სილვამ, რიო-დე-ჟანეიროში 2024 წლისთვის დაგეგმილ სამიტზე საუბრისას.
მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა დაარწმუნა, რომ პუტინს რიოში ჩასვლის არ უნდა ეშინოდეს. „მე მჯერა, რომ პუტინი ადვილად ჩამოვა ბრაზილიაში. შემიძლია, გითხრათ, რომ თუ მე დავრჩები პრეზიდენტად და ის ბრაზილიაში ჩამოვა, მას არასოდეს დააპატიმრებენ“, - თქვა ლულამ Firstpost-თან ინტერვიუში.
ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრაზილიის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ „შეისწავლის“ ICC-ს და რომის სტატუტის მუშაობას, რომელიც ხელმმწერ ქვეყნებს ავალდებულებს, დააპატიმრონ პუტინი. კერძოდ, მან პირობა დადო, რომ გაერკვევა, რატომ მოახდინა ბრაზილიამ დოკუმენტის რატიფიცირება, მაგრამ არა შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ინდოეთმა.
„ვნახოთ, რა მოხდება 2024 წლის ნოემბრამდე, როდესაც ბრაზილიაში G20-ის სამიტი გაიმართება. იმედი მაქვს, რომ მანამდე [უკრაინაში] ომი დასრულდება და ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდება. ჩვენ ღონისძიების მოახლოების პერიოდში გავარკვევთ, მიიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი“, - თქვა პრეზიდენტმა.
ინდოეთის სამიტს არც რუსეთის პრეზიდენტი და არც ჩინეთის ლიდერი არ ესწრებოდნენ.
ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები 17 მარტს გასცა. მათ ბრალი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის ორგანიზებაში ედებათ, რაც ომის დანაშაულად არის მიჩნეული.


