პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
11/09/2023 10:06:49 პოლიტიკა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის გასაგზავნად.
"პარლამენტის მიერ შესაბამისი ქმედებები იქნა გაწეული და დადგინა ყველა ხელმომწერის ნამდვილობა უშუალო კომუნიკაციით. გამომდინარე აქედან ჩვენც შესაბამის დასკვნას მოვამზადებთ", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
დღევანდელი მოცემულობით, საპარლამენტო უმრავლესობაში 80-ზე მეტი დეპუატატია, თუმცა ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს, რადგან ის "მწერალთა სახლის" დირექტორად დაინიშნა, დავით სერგეენკო კი საპარლამენტო საქმიანობაში აღარ არის ჩართული მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ (პირველი მოსმენით) მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მთავრობის თანხმობის გარეშე გამართა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის მინიმუმ, 50 დეპუტატის თანხმობაა საჭიროა.
მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში პარლამენტს დასკვნა უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
ამ პროცესის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს აგრძელებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, 150-წევრიან საქართველოს პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში 80-ზე მეტი დეპუტატი შედის, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.


