NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება შესაძლო რუსული აგრესიის მოსაგერიებლად

11-09-2023 13:02:56 მსოფლიო ,ეს საინტერესოა

ნატოს ქვეყნები ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნებისთვის ემზადებიან რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად, – წერს Financial Times ალიანსის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მისი თქმით, წვრთნები "მტკიცე მცველი", რომელშიც 41 ათასზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, 2024 წლის თებერვალ-მარტში გაიმართება. მოელიან, რომ სწავლება მოიცავს 500-დან 700-მდე საჰაერო საბრძოლო გაფრენას და 50-ზე მეტი ხომალდის მანევრებს.

წვრთნების დროს დაგეგმილია მტრის თავდასხმის სიმულაცია ალიანსის ერთ-ერთ წევრზე. ისინი გაითვალისწინებენ იმ ადგილების რეალურ გეოგრაფიულ პირობებს, სადაც მტერს შეუძლია დარტყმის განხორციელება, რათა მოამზადონ ჯარები საომარი მოქმედებების ყველაზე რეალისტური სცენარისთვის. მანევრები ჩატარდება გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

წვრთნებს შეუერთდება შვედეთიც, რომელიც ალიანსში გაწევრიანების მოლოდინშია, თუმცა ეს ჯერ თურქეთის პოზიციის გამო ვერ მოახერხა. ამ ქვეყნის ჩათვლით, წინასწარი მონაცემებით, სწავლებაში 32-მდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

ნატოს ახალი სასწავლო სტრატეგია ითვალისწინებს, ალიანსმა წელიწადში ორჯერ ჩაატაროს ძირითადი წვრთნები. "მტკიცე მცველი" ახალი ხასიათის პირველი მანევრი გახდება. მან მოსკოვისთვის ალიანსის ბრძოლისთვის მზადყოფნის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, – ხაზგასმით აღნიშნა FT-ის წყარომ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი გაზრდის მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 40 000-დან 300 000-მდე. სამხედრო ბლოკის ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ მოკავშირეთა რეაგირების ძალების შექმნაზე, რათა სწრაფად უპასუხონ პოტენციურ საფრთხეებს.

მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში ნატოს ქვეყნების საზღვაო ქვედანაყოფებმა ესტონეთისა და ლატვიის სანაპიროებთან ორკვირიანი წვრთნები დაიწყეს. მანევრების მიზანი, სახელწოდებით "ჩრდილოეთი სანაპირო" არის მოქმედებების დამუშავება რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის შემთხვევაში.

სწავლებაში მონაწილეობს დაახლოებით 30 ხომალდი და 3 ათასზე მეტი სამხედრო ნატოს ყველა ქვეყნიდან, რომლებიც მდებარეობენ ბალტიის ზღვის რეგიონში, ასევე საზღვაო ქვედანაყოფები შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და შვედეთიდან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები