ISW: რუს გენერალ სუროვიკინს ახალი თანამდებობა მოუძებნეს
11/09/2023 07:33:07 მსოფლიო
უკრაინაში რუსული გაერთიანებული ჯარების ყოფილ მეთაურს, გენერალ სერგეი სუროვიკინს ახალი თანამდებობა უპოვეს. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, სუროვიკინი დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ საჰაერო თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. იმავეს ადასტურებენ რუსი ჟურნალისტებიც.
10 სექტემბერს რუსული მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი სუროვიკინის დანიშვნას საჰაერო თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელად. როგორც იუწყებან, ახლა სუროვიკინი იქნება პასუხისმგებელი დსთ-ს წევრი ქვეყნების საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემის ფუნქციონირების ზედამხედველობაზე. თუმცა კრემლთან დაკავშირებულ მედიას არ გაუვრცელებია ცნობები სუროვიკინის ახალი თანამდებობის შესახებ. მეტიც, საერთოდ არ ახსენებენ მის გვარს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ის გაათავისუფლა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურის თანამდებობიდან 23 აგვისტოს.
„ISW-მა ადრე შეაფასა, რომ სუროვიკინის გადასვლა დსთ-ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე შეესაბამება რუსი სამხედრო ლიდერების მოდელს, რომ არაეფექტური მეთაურები უკრაინიდან შორს პერიფერიულ პოზიციებზე გადაიყვანონ ჯარიდან მის სრულ გათავისუფლებამდე“, - ნათქვამია ანგარიშში.
ორიოდ დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სუროვიკინის ბიოგრაფია გაქრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდიდან.
სუროვიკინი ორ თვეზე მეტია, არ გამოჩენილა საჯარო სივრცეში, 24 ივნისს "ვაგნერის" აჯანყების შემდეგ. The New York Times, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ამბოხის შესახებ. დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის მოუწოდებს დაქირავებულებს ბაზაზე დაბრუნებისკენ.
მედია და სხვადასხვა ტელეგრამ–არხები იტყობინებოდნენ, რომ სუროვიკინს ფაქტობრივად ჩამოერთვა თავისუფლება ამბოხის შემდეგ, მაგრამ არ ჰყავდათ წინასწარი დაკავების იზოლატორში.
სერგეი სუროვიკინი 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე მეთაურობდა რუსეთის ჯარებს უკრაინაში. მის სახელს უკავშირდებოდა თავდასხმების კამპანია უკრაინის ენერგოსისტემაზე, ისევე როგორც უკანდახევა ხერსონიდან. იანვარში იგი გადაიყვანეს მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის დაქვემდებარებაში. აგვისტოში რუსი გენერალი - როგორც მედია იტყობინება - ოფიციალურად გაათავისუფლეს რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების თავმჯდომარის თანამდებობიდან. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუროვიკინი არ იყო გათავისუფლებული ჯარიდან, ის დარჩა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში. კრემლში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.


