WSJ: ნავალნი განიხილება რუსეთსა და აშშ–ს შორის გასაცვლელ პატიმართა შორის
11/09/2023 07:13:32 მსოფლიო
რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებზე დასახელებულ კანდიდატებს შორის რუსი პატიმრობაში მყოფი ოპოზიცინერებიც არიან, მათ შორის ალექსეი ნავალნი. ამის შესახებ Wall Street Journal რამდენიმე დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
როგორც იუწყებიან, მოსკოვი ითხოვს ვადიმ კრასიკოვის – რუსეთის დაზვერვის ოფიცრის გათავისუფლებას, რომელიც გერმანიაში გაასამართლეს საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. მოლაპარაკებებზე ასევე ჟღერს რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ამერიკელის პოლ უელანის და Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის სახელები.
თუმცა, არ არის გამორიცხული გაცვლის უფრო რთული სქემა, რომელშიც მოხვდებიან პოლიტპატიმრებად აღიარებული რუსი ოპოზიციონერები, როგორიცაა ალექსეი ნავალნი, რომელსაც რუსეთის სასამართლომ 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში.
WSJ ამბობს, რომ კრასიკოვის გათავისუფლების საკითხით პირადად ვლადიმირ პუტინია დაინტერესებული. ამ საკითხით დაკავებულია უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. თუმცა, განსხვავებით ვიქტორ ბუტისგან, რომელიც აშშ-ის ციხეში იხდიდა სასჯელს და გაცვალეს რუსეთში მსჯავრდებულ კალათბურთელ ბრიტნი გრეინერში, კრასიკოვი, ამერიკის იურისდიქციის მიღმაა – ის გერმანიაში იხდის სასჯელს. ეს ქმნის დამატებით სირთულეებს მოლაპარაკებებში.
ივლისში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს პატიმრების გაცვლაზე, მათ შორის ევან გერშკოვიჩზე. ეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა. გასაცვლელთა სიებში რუსი ოპოზიციონერების და არა მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეების შესაძლო შეყვანის შესახებ Wall Street Journal პირველად იუწყება.
კრასიკოვი, რომელიც ვადიმ სოკოლოვის დოკუმენტებს იყენებდა, ბერლინში 2021 წლის დეკემბერში გაასამართლეს. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსი მოქმედებდა მოსკოვის ბრძანებით და 2019 წელს ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობას სახელმწიფო ტერორისტული აქტი უწოდა. მოსკოვი ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს.


