G20-ის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმება შეძლეს
09/09/2023 17:09:07 მსოფლიო
„დიდი ოცეულის“ (G 20) ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმება შეძლეს. განცხადება ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გააკეთა.
მოდიმ დოკუმენტზე შეთანხმებას „დაძაბული მუშაობის შედეგი“ უწოდა.
ერთობლივი კომპრომისული კომუნიკეს დეტალები ჯერ არ საჯაროვდება.
რაც შეეხება უკრაინას, ტექსტში ნათქვამია, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს გაეროს ქარტიის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად. ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია მუქარისგან თავის შეკავება და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა. ცალკე ხაზგასმულია ბირთვული იარაღის გამოყენების ან გამოყენების მუქარის დაუშვებლობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა მოსაზრება და ვითარების შეფასება“.
როგორც France-Presse-ი აღნიშნავს, ბოლო წლებში G20-ის წევრი ქვეყნებისთვის სულ უფრო რთული ხდება კონსენსუსის პოვნა, რადგან გაერთიანების საკვანძო წევრების პოზიციები უკიდურესად განსხვავებულია ისეთ საკითხებში, როგორიცაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ღონისძიებები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ფარგლებში.
მანამდე, დელიში G20-ის სამიტის მუშაობის პირველ დღეს გამოცხადდა, რომ ასოციაციაში მიღებულ იქნა აფრიკის კავშირი. G20-ს ახლა ოცდაერთი წევრი ჰყავს, მათ შორის არის ევროკავშირი, რომელიც ერთადერთი სრულუფლებიანი წევრი ბლოკი იყო.
რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი G20-ის მიმდინარე სამიტს არ ესწრებიან. დელის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის ნაცვლად ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.


