
მღებრიშვილი: გურიის დამეწყრილი სოფლებიდან 62 ადამიანია გამოყვანილი
09/09/2023 08:42:55 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, გურიის დამეწყრილი სოფლებიდან 62 ადამიანია გამოყვანილი.
მისი თქმით, სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.
„მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები. მობილიზებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით. ვერტმფრენის საჭიროება თუ კი დადგება მზადყოფნაში ვართ“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის რეგიონის მრავალი სოფელი დაზარალდა. სტიქიას სამი პირი, მათ შორის ორი მოზარდი ემსხვერპლა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.