
ეროვნული არქივი: ნაგებობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ძველი კინოფირები ინახებოდა, ყველა ფირი გაციფრულებულია
08/09/2023 17:45:48 საზოგადოება
ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ნაგებობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ძველი კინოფირები ინახებოდა.
ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საცავში დაცული ყველა ფირი გაციფრულებულია.
ხანძრის მიზეზი უცნობია.
„ეზოში ცალკე მდგომი საცავია, რომელშიც ინახებოდა თვითაალებადი ნიტროფუძიანი კინოფირები, აქედან გამომდინარე ცალკე საცავში იყო და ცეცხლი სწორედ ამ შენობას გაუჩნდა. ეს ფირები არის ძველი და შესაბამისად, ყველა მათგანი გაციფრულებული იყო, ციფრული ასლები არქივში ინახება",– უთხრეს "აქცენტს" ეროვნულ არქივში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში და ეროვნულ არქივშიც აცხადებენ, რომ არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.