ჟურნალისტებმა უკრაინაში დაღუპული 31 ათასზე მეტი რუსი სამხედროს ვინაობა დაადასტურეს
08/09/2023 15:53:21 მსოფლიო
უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ 31 ათასს გადააჭარბა,– იუწყებიან BBC-ს და "მედიაზონა"–ს ჟურნალისტები, რომლებიც ერთობლივად აწარმოებენ დანაკარგების დათვლას.
25 აგვისტოს, წინა ცნობის შემდეგ, სიას კიდევ 967 სახელი დაემატა.
როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები მიუთითებენ, მონაცემების აღრიცხვა შესაძლებელი გახდა ღია წყაროების მეშვეობით – ჟურნალისტები ეყრდნობიან ადგილობრივი ადმინისტრაციების, მედიის და დაღუპულთა ნათესავების განცხადებებს, ასევე სასაფლაოების მონაცემებს. რუსეთის დანაკარგების რეალური მაჩვენებელი კი შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს.
ამდენად, 8 სექტემბრისთვის ცნობილია 31 665 დაღუპულის შესახებ. მათგან 3534 - მობილიზებული იყო. პატიმრები დაღუპულთა კვლავ ყველაზე მაღალ კატეგორიას შეადგენენ, მაგრამ მათი რაოდენობის ზრდამ წლის პირველ ნახევართან შედარებით იკლო.
დაკრძალვების უმეტესობა მოდის სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკისა და როსტოვის ოლქებზე, ბაშკირეთსა და ბურიატეთში.
დაღუპვის შესახებ ცნობათა დიდი რიცხვი კრასნოდარის მხარესა და მოსკოვის ოლქიდან, ჟურნალისტების დასკვნით, სხვა მიზეზთა შორის, იმით აიხსნება, რომ იქ მოხალისეები სასაფლაოებზე მიდიან და სამხედროების დაკრძალვის ფოტოებს იღებენ, შესაბამისად, ინფორმაცია საჯაროვდება.
ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა, ორჯერ - ორნახევარჯერ მეტი იყოს.


