Belarusian Hajun: რუსეთმა ბელარუსიდან თავისი ძალების უმეტესი ნაწილი გაიყვანა
08/09/2023 15:02:49 მსოფლიო
ბელარუსში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მკვეთრად შემცირდა რუსი სამხედროების რაოდენობა. კერძოდ, ქვეყნიდან გაყვანილია ე.წ. გაერთიანებული სახელმწიფოს ძალების რეგიონული ჯგუფის რუსული კონტინგენტი, რომელის დისლოცირებაც 2022 წელს განხორციელდა,– იუწყება მონიტორინგის პროექტი Belarusian Hajun.
შეტყობინებას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში ადასტურებენ.
„შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ივლის-აგვისტოში ბელარუსში დისლოცირებული რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა. ობუზ-ლესნოვსკის, ლეპელსკის და ოსიპოვიჩსკის საწვრთნელ მოედნებზე საველე ბანაკების ლიკვიდაცია განხორციელდა და იქ მყოფი სამხედრო პერსონალი გაემგზავრა რუსეთში, ეს არ იყო როტაცია",– ნათქვამია შეტყობინებაში.
კიევის შეფასებით, რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში 11000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა. ახლა კი მათი რაოდენობა 2 ათასს არ აღემატება. Belarusian Hajun ამტკიცებს, რომ მოზირისა და ზიაბროვკას აეროდრომებზე 600-მდე ადამიანია განლაგებული, ბარანოვიჩისა და ვილეიკას საკომუნიკაციო ცენტრებში – 1450-მდე. გარდა ამისა, ОДКБ-ს წვრთნებში 100-მდე ადამიანი მონაწილეობს. ჩამოთვლილთაგან ყველა არ შედის რეგიონული ძალების ჯგუფის შემადგენლობაში, ანუ მის ფარგლებში ბელარუსში დისლოცირებული რუსი სამხედროების რაოდენობა ნულამდე შემცირდა.
ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, როგორც Belarusian Hajun აღნიშნავს, სოფელ წელში "ვაგნერის" დაქირავებულთა საველე ბანაკში კარვების დემონტაჟი გრძელდება და უკვე 55%-ით ნაკლებია, ვიდრე ივლისის ბოლოს იყო. თუმცა ბანაკში ტექნიკის რაოდენობა არ შემცირებულა. დამკვირვებლების ვარაუდით, ბელარუსიაში შესაძლოა, დაახლოებით 4 ათასი დაქირავებული დარჩეს. ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით მათი გადაადგილება თითქმის არ დაფიქსირებულა.
უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის არმია უშუალოდ არ მონაწილეობს, მაგრამ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ლოჯისტიკურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს არაპროვოცირებულ ომში. კიევმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ისინი ვერ ხედავენ ბელარუსის მხრიდან 2022 წლის 24 თებერვლის მსგავსად უკრაინაში შეჭრის გარდაუვალ საფრთხეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში რუსული კონტინგენტი იყო განლაგებული. რა არის ბელარუსიიდან რუსული ჯარების უმეტესი ნაწილის გაყვანის მიზეზი, უცნობია.


