უკრაინა ქვეყანაში ყველა ჩინელი შემსრულებლის შესვლას კრძალავს
08/09/2023 12:30:38 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ჩინელი მოწვეული შემსრულებლის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას იწყებს - ასე გამოეხმაურა დიპლომატიური უწყება ჩინელი საოპერო მომღერლის გამოსვლას რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ ისაუბრა.
„უკრაინა პატივს სცემს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩინეთის მხრიდან ელის ახსნას ჩინეთის მოქალაქეების მარიუპოლში ყოფნის მიზნისა და მათი დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში შესვლის მარშრუტზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ჩინელი შემსრულებლის უკრაინაში შესვლის აკრძალვას იწყებს“, - დაწერა მან "ფეისბუქზე".
7 სექტემბერს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ჩინელი საოპერო მომღერლის ვანგ-ფანგის კონცერტის შესახებ რუსული დაბომბვის შედეგად დანგრეული მარიუპოლის დრამატული თეატრის მახლობლად.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინელი მომღერლის მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის ნანგრევებზე სიმღერა „კატიუშას“ შესრულებას „სრული მორალური დეგრადაციის მაგალითი“ უწოდა.
ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ჩინელი ბლოგერების ჯგუფი ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში. „მათი ჩამოსვლა უკანონოა. ის უხეშად არღვევს უკრაინის კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს უცხოელთა მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას", - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მარიუპოლი რუსულმა ჯარებმა დაიპყრეს 2022 წლის მაისში თითქმის სამთვიანი ინტენსიური ბრძოლის და ალყის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში ქალაქში შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია - შეფასებები მერყეობს რამდენიმე ათასიდან რამდენიმე ათეულ ათასამდე ადამიანს შორის.
2022 წლის 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო მარიუპოლის დრამატული თეატრის თავზე მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსულად ეწერა "ბავშვები". იმ დროს ათასზე მეტი ადამიანი იმალებოდა თეატრში. დაზუსტებით უცნობია, რამდენი ადამიანი დაიღუპა ავიადარტყმის შედეგად. მარიუპოლის საკრებულომ 300-ზე მეტი დაღუპულის შესახებ განაცხადა.
გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ მარიუპოლის დრამატული თეატრი მთლიანად დაშალა.


