
ორი ადამიანი, რომლებმაც თავს სიმაღლეზე ასვლით უშველეს, უსაფრთხო ტერიტორიაზე ნავებით გამოიყვანეს
08/09/2023 11:55:28 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მოქალაქე ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს. მანამდე სოფელ სუფსის გამგებელმა უამბო ჟურნალისტებს, რომ ადამიანი გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე ავიდა და მისი გამოყვანა ვერ ხერხდებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადამიანების მათი გამოყვანა ნავით მოხდა.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ, ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან, ორი ადამიანი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას არის გამოყვანილი.
ჯამში მეხანძრე მაშველების მიერ, 13 მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გამოყვანილი, ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები გრძელდება", - აცხადებენ უწყებაში.
დავით გუმბარიძე ყვებოდა, რომ ერთ–ერთ სოფელში ადამიანი, რომელსაც წყლის ნაკადმა მანქანა გასტაცა, სიმაღლეზე ავიდა:
"სოფელში ადამიანი სიმაღლეზე – ე.წ. „ვიშკაზეა“ ასული და ჩამოყვანა ვერ ხერხდება, მდინარის პირასაა, მანქანა წყალმა გასტაცა. როგორც ვიცი, ვერტმფრენი თბილისიდანაა გამოძახებული და ველოდებით ჩამოსვლას, რომ იმ ადამიანის მოხსნა მოხერხდეს“,– ამბობს გამგებელი".
სტიქია გურიის სოფლებს თავს 8 სექტემბრის ღამით დაატყდა. დატბორილია სახლები, დანგრეულია ხიდები, ჩახერგილია გზები.
„მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოდის სოფლებში. შეძლებისდაგვარად მუშაობს სამაშველო სამსახური, ჩვენც ჩართულები ვართ, გვეხმარება პოლიცია. ხდება ადამიანების გამოყვანა სადაც არ არის მეორე სართულები და პირველი სართულები დაბალია. ადგილობრივები მუშაობენ – ნავებით გამოჰყავთ, პოლიციელებიც გვეხმარებიან, ხელით გამოჰყავთ ხალხი შეძლებისდაგვარად. წვიმა არ იკლებს, წყლის დონე მატულობს და არ ვიცით, რა გვეშველება",– ყვება სუფსის გამგებელი.