
ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპული მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა
08/09/2023 11:07:19 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპული მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მინდა მთავრობის სახელით სამძიმარი ვუთხრა გურიაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახს. ეს ნამდვილად დიდი ტრაგედიაა“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში 2 არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს, დაკარგული 1 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.
უწყების ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
მისი ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.