ბორელი: ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმაზე, რომ ქვეყანამ ისტორიული შანსი არ დაკარგოს
08/09/2023 10:24:44 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმაზე, რომ ქვეყანამ ისტორიული შანსი არ დაკარგოს. ამის შესახებ მან პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბორელმა აღნიშნა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ არსებობს ის ძალისხმევა, რაც ამ რეკომენდაციებს სჭირდება.
„ჯამში 12 პრიორიტეტი გვაქვს, ყველა მნიშვნელოვანია. იმ რეფორმებს ეხება, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს არა ბრიუსელისთვის, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრება გაუმჯობესდეს, გაუმჯობესდეს დემოკრატია. მიმაჩნია, რომ არის დრო და ძალისხმევაა გასაწევი. თქვენ იცით, რომ ეს პროცესია. ევროკომისია გამოაქვეყნებს გაფართოების შესახებ დასკვნას, მასში ქვეყნების შესახებ იქნება ანგარიში. ყოველ ანგარიშში იქნება მიღწეული შედეგის და პროგრესის სტატუსი, აქვე იქნება რეკომენდაციები შემდეგი ეტაპისთვის. ყველა წევრი სახელმწიფო ამ ქვეყნებს მისცემს რეკომენდაციებს, წლის ბოლოს კი წევრი სახელმწიფოები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. გიდასტურებთ, მიმაჩნია, რომ ნამდვილად შესაძლებელია ამ პერიოდში წარმატების მიღწევა, მოლოდინი მხოლოდ დადებითი გვაქვს. სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ძალისხმევა, რაც სჭირდება ამ რეკომენდაციებს, არსებობს. ამ ეტაპზე, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე, დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე“, - აღნიშნა მან.


