თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოებასთან 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება შეაჯამა

08-09-2023 10:36:25 ,

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოებასთან 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა და 2023 წლის შუალედური ანგარიში შეაჯამა.

სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისად დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების დინამიკაზე, მიღწეული შედეგებისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების, სახელმწიფოს მიერ დანერგილი ინტეგრაციის მხარდამჭერი მექანიზმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრა ინტერაქციული რეჟიმით წარიმართა, რომელზეც დამსწრეებმა სახელმწიფო მინისტრს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გააცნეს. სახელმწიფო მინისტრმა ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს, ჩვენ სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმების განხორციელების ანგარიშები წარვუდგინეთ. ეს ჩვენ მიერ წარმართული პოლიტიკის ღია და ინკლუზიური განხორციელების, მონიტორინგის და ანგარიშგების პროცესის ნაწილია, რა დროსაც ჩვენ უმაღლესი დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებით, განუხრელად ვხელმძღვანელობთ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული დისკუსიისას, ჩვენ სტრატეგიის განხორციელების დინამიკის წარმოჩენაზე და იმ პროგრესზე გავაკეთეთ აქცენტი, რომელმაც უკვე არსებითი შედეგები მოიტანა. ასევე, განვიხილეთ ის სამომავლო ღონისძიებები და ინიციატივები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომ ინტეგრაციასა და ჩვენი არაქართულენოვანი მოქალაქეების სრულფასოვან მონაწილეობას და ჩართულობას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა,თეა ახვლედიანმა.

„სხდომა გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები