ზურაბიშივილი: ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავისი სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი
07/09/2023 17:40:24 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ გამართა შეხვედრები ევროპულ დედაქალაქებში, მიუხედავად მთავრობის უარისა.
მისი თქმით, იგი ამაყია, რომ ქართველ ხალხს სხვადასხვა ევროპის დედაქალაქებში წწარმოადგენს და ამას საუთარი სახსრებით აკეთებს.
"მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორ საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული. [...] საქართველოს ყველა ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მის შესაძლებლობაშია, იმისათვის, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. ეს მიმაჩნია ჩემი უმაღლეს და უპირველეს ვალდებულებად. ამიტომ დავდივარ. ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემ მიმართ ნდობა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის თქვენ მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და მთელი ევროპისთვის არ გეჩვენებინათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ მეც არ მექნებოდა ნდობა, როდესაც ევროპის სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები. მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული, რომ ეს პერსპექტივა არის თქვენი არჩეული და ამისთვის არის, რომ მხარს გვიჭერენ, ამიტომ მხვდებიან პატივისცემით. მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ. მე ვარ ამაყი, რომ მე თქვენ წარმოგადგენთ ევროპის დედაქალაქებში. ამაყი ვარ, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავისი სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან შემდგომი შეხვედრებიც დააანონსა:
მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ, მოვახერხებ ორთვენახევარში, სამ თვეში მოვიარო მთავარი და შეიძლება, ევროპის ყველა დედაქალაქი, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა. ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს არ იქნება, არასდროს დაუბრუნდება, რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს ერთად დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ რვა მარტს. ეს იქნება ჩვენი, ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ამაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ, თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზეა დამოკიდებული. მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოში.


