Accentnews.ge
ბორელი: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღება დამსახურებაზეა დამოკიდებული

ბორელი: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღება დამსახურებაზეა დამოკიდებული

07/09/2023 16:00:43 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ბლოკის კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღება დამსახურებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"პირველ რიგში მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ახლა თქვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი დროა, რადგან, რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს მომავალ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე. ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, და ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ბლოკის წევრობის გზაზე. კარი ღიაა და გვსურს დაგეხმაროთ ამ გზაზე. მაგრამ ასევე უნდა აღვნოშნოთ, რომ ევროკავშირის წევრობა სერიოზული ვალდებულებაა, კანდიდატის სტატუსის მიღება დამსახურებაზეა დამოკიდებული. ის უნდა მიიღოს ქვეყანამ სერიოზული რეფორმებისა და ევროკავშირის ღირებულებების დაცვის გზით. და გულწრფელად რომ ვთქვათ, საკმაო სამუშაოა გასაწევი. საქართველოს შემთხვევაში ეს არის 12 პრიორიტეტი, რომლის შესრულება საჭიროა. რთული სამუშაო, რომელიც ამ 12 პრიორიტეტის შესრულებას უკავშირდება არა ბრიუსელის საამებლად, არამედ ეს კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს", – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, მან ყველა ქართველი აქტორის ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება:

"ბევრ ევროპულ დროშას ვხედავ ამ ქალაქის ქუჩებში და თქვენ იცით, რომ ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას. მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. ყველა აქტორმა ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს. ახლა ერთიანობა ისეა საჭირო, როგორ არასოდეს".

როგორც მან აღნიშნა, იგი თბილისში ვიზიტისას შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

„საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს დარჩენილი, ცოტა დრო, რათა საჭირო, ფუნდამენტური რეფორმები განახორციელოს“, -განაცხადა მან

ჯოზეფ ბორელის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოში განიხილავს პუტინის აგრესიულ ომს უკრაინაში.

„ასევე, გეოპოლიტიკური კუთხით, ჩემს თანამოსაუბრეებთან უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის უარყოფით შედეგებს განვიხილავ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი ევროპის ნათელ მხარდაჭერას გავიმეორებ”, - დასძინა ბორელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S