ბლინკენმა უკრაინელი მესაზღვრეების პოზიციები მოინახულა, სადაც ჩამოგდებული რუსული დრონები უჩვენეს
07/09/2023 13:41:49 მსოფლიო
უკრაინაში ყოფნის მეორე დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინელი მესაზღვრეების პოზიციებს ეწვია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა Twitter-ზე დაწერა.
„ჩვენ ვეწვიეთ უკრაინელ მესაზღვრეებს, რათა გვენახა, როგორ აგრძელებენ ისინი უკრაინის ტერიტორიისა და ხალხის დაცვას“, - აღნიშნა მან.
CNN-ის ცნობით, ბლინკენი კიევის გარეუბანში უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ობიექტს ეწვია.
მას აჩვენეს აშშ-ს მიერ მიწოდებული სადაზვერვო დრონი, ოთხი MRAP (Mine-resistant Ambush Protected) მანქანა, ასევე რამდენიმე ჩამოგდებული რუსული დრონი.
სტუმრების წიგნში ბლინკენმა ჩაწერა: „უკრაინელ მესაზღვრეებს და ეროვნულ პოლიციას – აღფრთოვანებული ვარ თქვენი არაჩვეულებრივი გამბედაობისა და მსახურებისთვის თქვენი ქვეყნისა და ჩვენი პარტნიორობისადმი“.
ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში ოთხშაბათს დილით ჩავიდა.


