
კახეთში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სოფლები დააზარალა
07/09/2023 11:59:18 საზოგადოება
კახეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის– კაბალის, გურგენიანის და ბაისუბნის მოსახლეობა დააზარალა. დაისეტყვა მოუკრეფავი ვენახების ნაწილი, ხეხილის ბაღები და სხვა კულტურები.
კაბალში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა. ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოგლეჯილია ხეები და გაწყვეტილია ელექტროსადენები.
ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველები. ისინი ცენტრალურ გზებს მოგლეჯილი ხეებისგან ასუფთავებენ.
კახეთში სეტყვა 2 სექტემბერსაც მოვიდა. ახმეტის, თელავის და გურჯაანის სოფლებში ყურძნის მოსავლის ნაწილი განადგურდა.