Accentnews.ge
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები დირექტორისგან შანტაჟის შეწყვეტას მოითხოვენ

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები დირექტორისგან შანტაჟის შეწყვეტას მოითხოვენ

04/12/2019 09:10:00 სხვა, საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები ახალ გენერალურ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებენ.

დღეს, ბათუმში, მაუწყებლის შენობასთან აქცია გამართეს საინფორმაციო სამსახურის, საზოგადოებრივი გადაცემებისა და ვებსაიტის თანამშრომლებმა. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა, თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და გიგა ჩხარტიშვილმა მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს გიორგი კოხრეიძეს. ჩვენ და საზოგადოებაც ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და შვიდი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ მაუწყებლის მართვის სადავეები არ აღმოჩენილიყო ხელისუფლების ხელში და სარედაქციო პოლიტიკას არ შექმნოდა საფრთხე. პირველი, რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა, სწორედ სარედქაციო პოლიტიკას ეხება. კერძოდ, მან თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელიც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობის შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა“.

ჟურნალისტების განცხადებითვე, ახალმა დირექტორმა ისინი დაადანაშაულა პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და სპექტაკლების დადგმაში და უთხრა, რომ არ ენდობა მათი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის, არც ეუთოს და არც ბოლოდროინელ რეიტინგებს

ჟურნალისტები დირექტორს მიმართავენ, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S