მოსკოვში საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელი გენერალი ქრთამისთვის დააკავეს, კიდევ ერთი გენერალი შინაპატიმრობაშია
07/09/2023 08:35:26 მსოფლიო
მოსკოვის სამხედრო სასამართლომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნა გენერალ-მაიორი კონსტანტინე ოგიენკო, რომელიც პასუხისმგებელი იყო საჰაერო თავდაცვის სამუშაოებზე დედაქალაქში.
როგორც "კომერსანტი" საქმის მასალებზე დაყრდნობით წერს, ოგიენკოს მოსკოვის რეგიონში სამხედრო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით თაღლითობას ედავებიან.
დაკავებამდე გენერალ-მაიორი მეთაურობდა პირველ საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არმიას, რომელიც პასუხისმგებელია მოსკოვის დაცვაზე.
გამომძიებლების თქმით, ოგიენკომ ქრთამი მიიღო სამოქალაქო ორგანიზაციის „ნადეჟდას“ ხელმძღვანელისგან სამხედრო დანიშნულების მიწებზე მშენებლობის ნებართვისთვის. ქალბატონმა, რომლის სახელიც არ სახელდება, ფული შეაგროვა რიგი ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისგან და დაჰპირდა მათ მიწის ნაკვეთებს მოსკოვის გარეუბანში.
შემდეგ მან შუამავალს – მე-4 საჰაერო თავდაცვის დივიზიის მეთაურს, გენერალ-მაიორ დიმიტრი ბელიატსკის, რომელიც, გამოძიების თანახმად, მოქმედებდა ოგიენკოს სახელით, 500 ათასი რუბლი გადაურიცხა. ეს 500 ათასი რუბლი იყო 30 მილიონი რუბლის ნაწილი, რომლის სანაცვლოდაც დათანხმდნენ სამხედროები მიწების გამოყოფას.
ბელიატსკიმ ნაწილობრივ აღიარა დანაშაული და თანამშრომლობის სანაცვლოდ მასთან შეთანხმების გაფორმება ითხოვა. ამისთვის ის შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. თუმცა ოგიენკო საქმეში მის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. მას 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


