დონის როსტოვში, დრონით თავდასხმის რაიონში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადეს
07/09/2023 07:10:58 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ დონის როსტოვის იმ რაიონში, სადაც წუხელ უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა, „საგანგებო სიტუაციის რეჟიმი“ გამოაცხადეს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქალაქის საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა მიიღო. საგანგებო რეჟიმი ვრცელდება დონის როსტოვის ცენტრში მდებარე პუშკინის ქუჩის იმ ნაწილზე, სადაც დრონით შეტევის შედეგად დაზიანებულია 3 საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 100-მდე დაზარალებულ მოქალაქეს დროებითი საცხოვრებელი შესთავაზეს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორ გოლუბევის თქმით, 7 სექტემბერს დაახლოებით 03:00 საათისთვის დონის როსტოვში ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელმაც ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო - ერთი ქალაქის დასავლეთ ნაწილში, მეორე კი, ცენტრში, პუშკინის ქუჩის რაიონში. გოლუბევის ინფორმაციით, დაშავდა 1 ადამიანი.
დონის როსტოვი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ყველაზე დიდი ქალაქი და სამხრეთის ფედერალური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.
7 სექტემბერს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ბრიანსკის და მოსკოვის ოლქებზეც.
ბოლო რამდენიმე თვეა, მოსკოვსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე თითქმის ყოველდღე ხდება დრონებით თავდასხმა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.


