რუსეთმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანა
07/09/2023 06:20:29 მსოფლიო
რუსეთმა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე მორიგი იერიში მიიტანა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში 3-საათიანი შეტევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი და დაზიანდა სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელევატორი და ადმინისტრაციული შენობა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 33 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს ოდესის და სუმის ოლქებს. ძირითადი სამიზნე ოდესის ოლქი იყო. სარდლობის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა 33-დან 25 დრონი გაანადგურეს.
სექტემბერის დასაწყისიდან, იზმაილის რაიონზე დრონებით 4 თავდასხმა იყო. ეს რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. იზმაილის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
რუსეთმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაახშირა მას შემდეგ, რაც 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი.


