რუმინეთის პრეზიდენტი: თუ რუსული დრონის ნამსხვრევები ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ეს სუვერენიტეტის დარღვევაა
06/09/2023 15:51:25 მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ამბობს, რომ თუ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა, ეს სუვერენიტეტის დარღვევაა.
რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით “სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება” უნდა ჩატარდეს. გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს:
“თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ასეთი სიტუაცია სრულიად მიუღებელი იქნება და რუმინეთის, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება”.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუმინეთი ნატო-ს ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებით არის დაცული და ბუქარესტი ნატო-ელ მოკავშირეებთან მუდმივ კონტაქტზე რჩება.
თავდაპირველად უკრაინამ განაცხადა, რომ მდინარე დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტის დაბომბვისას რუსული დრონი რუმინეთშიც ჩამოვარდა. თავდაპირველად ცნობა ბუქარესტმა უარყო. პასუხად უკრაინამ მას მტკიცებულებების მიწოდება შესთავაზა. მოგვიანებით ბუქარესტმა დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტის მიმართულებით ნასროლი დრონის ფრაგმენტები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა.


