Accentnews.ge
ჩინეთის ელჩის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ანაკლიასა და "შუა დერეფანზე"

ჩინეთის ელჩის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ანაკლიასა და "შუა დერეფანზე"

06/09/2023 10:09:57 პოლიტიკა

თბილისში გამართულ ღონისძიებაზე ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ანაკლიასა და "შუა დერეფანზე" ისაუბრა.

  • რა ამბობს დიპლომატი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე

ჭოუ ციენი აცხადებს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ტექსტის შესახებ „ზოგიერთებს“ საზოგადოება „მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში“.

კითხვაზე, რატომ არ არის მკაფიო ჩანაწერი ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ ორ ქვეყანას შორის ახლად გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტში, დიპლომატმა შემდეგი განაცხადა:

„ვფიქრობ, რომ ეს გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ორ მთავრობას შორის წარსულში გაფორმებულ არაერთ დოკუმენტშია აღნიშნული. აქვე ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, თუ რატომ უჭერს მხარს საქართველო „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“. აღნიშნული იმიტომ ხდება, რომ ინიციატივის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გაეროს წესდების პატივისცემაა. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამიტომაა საქართველო „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ წევრი. შესაბამისად, იმაზე საუბარი რომ დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოხსენიებული არაა, გამიზნულად შეცდომაში შეყვანაა“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.

ჟურნალისტების დამზუსტებელ კითხვაზე, ჩინეთი აღიარებს თუ არა, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, ელჩმა შემდეგი განაცხადა:

„ჩინეთი ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ისე, როგორც ამას გაერო აღიარებს“.

კიდევ ერთ კითხვაზე, მაშ რატომ არ არის ეს ასახული პარტნიორობის შეთანხმებაში, დიპლომატმა აღნიშნა:

„მხოლოდ იმიტომ, რომ ამას უკვე გულისხმობს გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა:

"ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, კონტაქტებს, განსაკუთრებით ეს ეხება "შუა დერეფანს", „ერთ გზას და ერთ სარტყელს“, რომელიც გაძლიერდა ახალ დონემდე. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც“.

  • "შუა დერეფანი"

გარდა ამისა, დიპლომატმა აღნიშნა, რომ "შუა დერეფანი", რომელიც ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან ევროპაში, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, მნივნელოვანია ჩინეთ-ევროპის ლოჯისტიკისთვის:

"ლოჯისტიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაცია ჩინეთს და ევროპას შორის ძალიან მნიშვნელოვანია "სარტყლის და გზის ინიციატივისთვის", "შუა დერეფანი" მნივნელოვანია ჩინეთ-ევროპის ლოჯისტიკისთვის. თუმცა 'შუა დერეფანი" არ არის მხოლოდ ლოჯისტიკა, ჩვენ გვსურს, სარგებელი მივიღოთ ტურიზმიდანაც".

  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

ამასთან, ელჩმა განაცხადა, რომ პეკინს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ აქვს ინტერესი:

"ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის მიმართ გვაქვს ინტერესები, თუკი კარგი პირობები გვექნა, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ჩინური კომპანიები ჩაერთონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა თუ სხვა პროექტებში“.

საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში დაამყარეს.

შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, - ანუ აღიარებს, რომ ტაივანი, - რომელიც 1949 წლიდან კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება, - ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და მიანიშნებს, რომ ემხრობა ჩინეთის გაერთიანებას.

ექსპერტების თქმით, საქართველომ საპასუხოდ ვერ მიიღო ჩანაწერი, რომელიც ცხადად იტყოდა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მიანიშნებდა ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ნაწილად მოაზრებას.

საქართველოსგან განსხვავებული ჩანაწერი გვხვდება 2021 წელს დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში ჩინეთსა და კვიპროსს შორის. რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:

„კვიპროსი ადასტურებს, რომ მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“;

ჩინეთი კი პირობას დებს, რომ „გააგრძელებს კვიპროსის ძალისხმევის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მხარს დაუჭერს კვიპროსის პრობლემის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტას გაეროს შესაბამისი რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“.

ამავე თემაზე:

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S