
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანა
06/09/2023 05:51:43 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგი პოპკოს ტელეგრამ-არხზე, ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის გამოქვეყნებული წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს სარატოვის ოლქიდან, სტრატეგიული ავიაციის Ту-95МС ტიპის თვითმფრინავებით და გამოყენებული იყო ფრთოსანი(Х-101, Х-555, Х-55) და ბალისტიკური რაკეტები. პოპკოს თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა სამიზნე გაანადგურეს.
კიევსა და კიევის ოლქში ადგილობრივი დროით 4:43 საათზე გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ბომბსაცავებსა და სხვა უსაფრთხო ადგილებში უნდა გადავიდნენ.