უკრაინამ უარყო თურქეთის მოწოდება, შეარბილოს პოზიცია მარცვლეულის გარიგების განახლების საკითხში
05/09/2023 17:40:04 მსოფლიო
უკრაინამ უკუაგდო თურქეთის წინადადება იმის შესახებ, რომ კიევმა უნდა შეარბილოს თავისი პოზიცია "მარცვლეულის შეთანხმების" განახლების საკითხში. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქების ან მისი „დაშოშმინების“ პოლიტიკას მხარს არ დაუჭერს.
„ბოლოს და ბოლოს ვიყოთ რეალისტები და შევწყვიტოთ დისკუსიები არარსებულ ვარიანტებზე, მით უმეტეს - რუსეთის წაქეზება შემდგომი ბოროტმოქმედებებისკენ", – განაცხადა პოდოლიაკმა Reuters-სთან საუბრისას. მას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კომენტარზე ჰკითხეს, რომელიც თურქეთის ლიდერმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პუტინმა და ერდოღანმა შეხვედრა 4 სექტემბერს სოჭში გამართეს, მაგრამ "მარცვლეულის შეთანხმების" განახლებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
"მარცვლეულის შეთანხმება", რომლითაც სურსათის ექსპორტი რუსეთის მიერ დაბლოკილი შავი ზღვის პორტებიდან ხდებოდა, გასული წლის ივლისში თურქეთისა და გაეროს დახმარებით დაიდო. ხელშეკრულება რამდენჯერმე გახანგრძლივდა. მიმდინარე წლის 17 ივლისს რუსეთი ამ შეთანხმებიდან გავიდა. მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსული სასუქებისა და სურსათის ექსპორტთან დაკავშირებული ზოგიერთი შეთანხმება არ შესრულდა.
18 ივლისიდან რუსეთის ჯარებმა არაერთხელ დაბომბეს ოდესის რეგიონი. შედეგად, განადგურდა პორტის ინფრასტრუქტურა. ამასთან, დაბომბვის მიზეზად კრემლმა დაასახელა 17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე განხორციელებული თავდასხმა. "მარცვლეულის ინიციატივამ" უზრუნველყო ოდესის პორტებიდან მსოფლიო ბაზარზე 33 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტის გატანა. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გაერომ მოუწოდეს რუსეთს, განაახლოს მონაწილეობა ამ შეთანხმებაში.


