პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა
05/09/2023 14:52:57 პოლიტიკა
პარლამენტმა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრისას საკითხს მხარი ორი დეპუტატმა დაუჭირა, 12 კი წინააღმდეგი იყო.
სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხის დაყენების მიზეზი სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა გახდა.
დავით სერგეენკო იყო იმ დეპუტატთა შორის, რომლებმაც თავი შეიკავეს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერისგან. კანონპროექტის გაწვევიდან რამდენიმე დღეში, 18 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს, რომელსაც არ დასწრებიან პარლამენტის მაშინდელი დეპუტატები დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ნინო იობაშვილი. მათ ამ კანონპროექტისთვის ხმა არ მიუციათ. მედიასაშუალებები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ეს დეპუტატები აღარ იქნებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში. სერგეენკოს გარდა, ამ მოცემულობით, ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი პირი აღარ არის პარლამენტის წევრი.
დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრი იყო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იგი საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს. სერგეენკო ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც იკავებდა.


