
ქობულეთის "სანდასუფთავების" ბუღალტერი თანამშრომლების ხელფასს საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა
05/09/2023 13:00:51 საზოგადოება
"ქობულეთის სანდასუფთავების" სანსახურის ბუღალტერი თანამშრომლების კუთვნილ ანაზღაურებას თვეების განმავლობაში საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა, – იუწყება TV25.GE
მისი ცნობით, თინათინ კონცელიძე ამ გზით ჯამში 20 000 ლარი მიითვისა.
"საჯარო მოხელემ თანხების საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა აღიარა და მიმდინარეობს გამოძიება, თავად დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ", – განუცხადეს გამოცემას ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.
როგორც TV25.GE წერს, თინათინ კონცელიძემ სეზონურად, დროებით, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების ანაზღაურებას რიცხავდა საკუთარ ანგარიშზე. საქმე ისაა, რომ ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ, საჯარო მოხელე ბიუჯეტის ფულს ითვისებდა.
"ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ქობულეთის სანდასუფთავების" სამსახური სკანდალში ეხვევა. წლების წინ, TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, დაწესებულებაში ათეულობით ადამიანი ფიქტიურად, ასევე, ნეპოტიზმის ნიშნით იყო დასაქმებული. ექსკლუზიური ფაქტების გასაჯაროვებიდან რამდენიმე საათში სამსახური უფროსი სულიკო ბლადაძე გაათავისუფლეს, თუმცა ის პასუხისგებაში არ მიუციათ. გამოძიების შედეგები კი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია", – იუწყება TV25.GE.
ქობულეთის მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში გამოვლენილი ფინანსური დარღვევების გამო ქობულეთის მერის გადადგომის მოთხოვნის დაყენებას აპირებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენელი ამ საკითხზე ბრიფინგს 6 სექტემბერს გამართავს.