სომხეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე რუსეთი ყარაბაღში სამშვიდობოების მეთაურს ცვლის
05/09/2023 11:16:10 მსოფლიო
სომხეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელს ცვლის. ხსენებულ თანამდებობაზე გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლენცოვი გენერალ-მაიორმა კირილ კულაკოვმა შეცვალა.
"რუსი სამშვიდობოები ყარაბაღის ტერიტორიაზე დასახული ამოცანების შერულებას განაგრძობენ: 30 სადამკვირვებლო პუნქტზე ვითარების მუდმივი მონიტორინგი და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღსრულებაზე კონტროლი წარმოებს; ჩატარებულია პატრულირება სამ მარშრუტზე - მარდაკერტის, მართუნისა და ლაჩინის დერეფნის მიმართულებით" - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის: კირილ კულაკოვი 2017 წლის მარტიდან ყაზანის უმაღლეს სამხედრო-სამეთაურო სასწავლებელს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში დისლოცირებულ ორენბურგის კაზაკთა ცალკეულ სატანკო ბრიგადას ედგა სათავეში, არის რუსეთის არაერთი სამხედრო ჯილდოს მფლობელი, სამხედროებში ცნობილია "სისასტიკემდე მისული სიმკაცრით".
რაც შეეხება ალექსანდრე ლენცოვს, რომელმაც სამშვიდობოებს მხოლოდ 4 თვის განმავლობაში უხელმძღვანელა, იგი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მრჩეველი გახლდათ და სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურად მას შემდეგ დაინიშნა, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზის - ლაჩინის დერეფნის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტი განათავსა.
მთიან ყარაბაღში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურის ცვლილება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ახალი დაძაბვის ფონზე ხორციელდება. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ და როგორც დაჭრილების, ისე დაღუპულების შესახებ იუწყებიან. პირველ სექტემბერს არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი თანამდებობიდან გადადგა, მანამდე კი მთავრობის მეთაური გურგენ ნერსისიანი გადააყენა.
ცნობისთვის: კვირას, 3 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "სტრატეგიული შეცდომა" უწოდა იმას, რომ მისი ქვეყანა "საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში მეტისმეტად ეყრდნობოდა რუსეთს". იმავე განცხადებაში მან ყარაბაღში განთავსებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ვერ ასრულებს დასახულ ამოცანას, მათ შორის არ აკონტროლებს ლაჩინის დერეფანს, რაც 2020 წლის საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ სამმხრივი (მოსკოვი, ერევანი, ბაქო) შეთანხმებებით იყო გათვალისწინებული.
ფაშინიანის ხსენებული განცხადების შემდეგ რუსული მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ "სომხეთი დასავლეთის იარაღად იქცა სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გაძევების საქმეში, თუმცა რუსეთი რეგიონიდან გასვლას არ აპირებს".
მოგვიანებით ანალოგიური განცხადება გააკეთა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. "რუსეთი სამხრეთ კავკასიის განუყოფელი ნაწილია, ასე, რომ ვერსად წავა. რუსეთი ვერც სომხეთიდან წავა, ვერც მთლიანად რეგიონიდან" - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.


