კრემლი: რუსეთი არც სომხეთიდან, არც მთლიანად სამხრეთ კავკასიიდან აპირებს გასვლას
05/09/2023 11:06:30 მსოფლიო
კრემლის განცხადებით, რუსეთი ვერც სომხეთიდან და ვერც მთლიანად ამიერკავკასიიდან გავა. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ამასწინანდელ კრიტიკულ განცხადებას.
"რუსეთი სამხრეთ კავკასიის განუყოფელი ნაწილია, ასე, რომ ვერსად წავა. რუსეთი ვერც სომხეთიდან წავა, ვერც მთლიანად რეგიონიდან" - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.
ცნობისთვის: კვირას, 3 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სტრატეგიული შეცდომა უწოდა იმას, რომ მისი ქვეყანა "საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში მეტისმეტად ეყრდნობოდა რუსეთს". იმავე განცხადებაში მან ყარაბაღში განთავსებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ვერ ასრულებს დასახულ ამოცანას, მათ შორის არ აკონტროლებს ლაჩინის დერეფანს, რაც 2020 წლის აბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ სამმხრივი (მოსკოვი, ერევანი, ბაქო) შეთანხმებებით იყო გათვალისწინებული.
ფაშინიანის ხსენებული განცხადების შემდეგ რუსული მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ "სომხეთი დასავლეთის იარაღად იქცა სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გაძევების საქმეში, თუმცა რუსეთი რეგიონიდან გასვლას არ აპირებს".


