"რუსეთმა კუბელები დაიქირავა უკრაინის წინააღმდეგ საომრად" – კუბის შსს–მ ადამიანებით ვაჭრობის ქსელის აღმოჩენის შესახებ განაცხადა
05/09/2023 07:57:51 მსოფლიო
კუბის შსს–მ განაცხადა, რომ გამოავლინა ადამიანებით ვაჭრობის ქსელი, რომელიც რუსეთიდან მოქმედებს უკრაინაში საომრად კუბის მოქალაქეთა გასაგზავნად.
ამ ინფორმაციის მიხედვით, შსს-ს მიერ აღმოჩენილი ქსელი, რომლის ლიკვიდაციისთვისაც მუშაობა მიმდინარეობს, რუსეთიდან მოქმედებს იქ მყოფი კუბელების და თავად კუბაში მცხოვრები მოქალაქეების ჩასართავად უკრაინაში, სამხედრო ოპერაციაში მონაწილე შეიარაღებულ ძალებში.
"მცდელობები ნეიტრალიზებულია და ამ საქმიანობასთან კავშირის მქონე პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა",– ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, "ქვეყნის იმიჯის შესალახად მისი მტრები ავრცელებენ დამახინჯებულ ინფორმაციას, თითქოს, კუბა მსგავსი ქმედებების თანამონაწილეა, მაშინ როცა, გაეროს ეგიდით აქტიურ როლს ასრულებს საომრად დაქირავების პრაქტიკის წინააღმდეგ და არ მონაწილეობს უკრაინის ომში".
Reuters-ის ცნობით, 2023 წლის მაისში რუსულმა გაზეთმა რიაზანში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუბის რამდენიმე მოქალაქემ გააფორმა კონტრაქტი რუს სამხედროებთან და ისინი გაგზავნეს უკრაინაში რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ.


