
პროტესტის შემდეგ „კულაში“ აცხადებენ, რომ რუსულ წარწერას ეტიკეტიდან ამოიღებენ
04/09/2023 13:43:15 საზოგადოება
„კულას" წვენის შეფუთვაზე დატანილი რუსული წარწერის გამო სოციალურ ქსელში გამოხატულ მძაფრ პროტესტს კომპანია განცხადებით გამოეხმაურა.
კომპანია რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებს, ამასთან, აღნიშნავს, რომ „კირილიცას“ რუსეთის გარდა რამდენიმე ქვეყანა იყენებს.
„ჩვენ საერთაშორისო კომპანია ვართ და ქართული ენის გარდა, რაც უმთავრესია ჩვენთვის, სხვა ბევრ ენაზე გვიწერია ინფორმაცია ეტიკეტზე. მათ კი სურათები შეფუთვის მხოლოდ იმ ნაწილს გადაუღეს, რომელიც მეტ რეზონანს და სიძულვილს გამოიწვევდა და ეცადნენ ამით ქულები დაეწერათ. შეფუთვას დიდი ასოებით ვაშლი და APPLE აწერია. ეს ვერ დაინახეს და ახლა შეუძლიათ დანახვა.
რაც შეეხება „კირილიცას“, ეს ალფავიტი ოკუპანტი ქვეყნის გარდა, ოფიციალურად გამოიყენება უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სერბეთში, ჩერნოგორიაში, მაკედონიაში, ბოსნია ჰერცოგოვინაში და მონღოლეთშიც კი. ამ ქვეყნების უმეტეს ნაწილში ჩვენ ვახორციელებთ ექსპორტს", - აცხადებენ კომპანიაში და დასძენენ, რომ აღნიშნული ვაშლის წვენი არასდროს გაუგზავნიათ რუსეთში და ზოგადად, რუსეთი არ წარმოადგენს მათ სტრატეგიულ მიმართულებას.
ამასთან, როგორც „კულაში" აცხადებენ, მომავალში შეფუთვიდან „კირილიცას" აუცილებლად ამოიღებენ:
„მათ ვინც მხარი დაგვიჭირა და გულითადი რჩვები მოგვცა, დიდ მადლობას ვუხდით და პირობას გაძლევთ, რომ შემდეგში აუცილებლად ამოვიღებთ „კირილიცას“ ჩვენი შეფუთვიდან".