
დავითაშვილი - ანაკლიაზე: ალბათ, 2024 წლის დასაწყისში გამორჩეული პარტნიორი გვეყოლება
04/09/2023 12:07:29 ეკონომიკა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ანაკლიის განვითარების საკითხზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი და დააანონსა, რომ სავარაუსოს, 2024 წლის დასაწყისში "გამორჩეული პარტნიორი გვეყოლება".
მინისტრი ირწმუნება, რომ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით, "უბრალოდ პროექტის განხორციელების ეფექტურობის ინტერესებიდან გამომდინარე" სიფრთხილეს იჩენენ კომუნიკაციის ნაწილში, მაგრამ "მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესი სამინისტროს შიგნით".
"მიმდინარეობს ორი პარალელური პროცესი. დღეს ჩვენ გვყავს წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მუშაობს ინვესტორის შერჩევაზე. ასევე, გვყავს სახელმწიფო კომპანია, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო ტექნიკურ საექსპერტო კომპანიასთან ერთად, მუშაობს არსებული პროექტის შეფასებაზე და მათ შორის სამშენებლო კონკურსის პირობების ჩამოყალიბებაზე, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პარალელურად სამუშაო პროცესების დაწყება წლის ბოლომდე“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერმა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე მათ შორის ანაკლიის თემაზეც ისაუბრა. პროცესზე დამკვირვებლებს აქვთ მოლოდინი, რომ სტრატეგიული პროექტი ჩინური ინვესტიციებით აშენდება, რის მიმართაც, ქვეყნის დეკლარირებული კურსის გათვალისწინებით, არაერთგავროვანი დამოკიდებულებაა.