
დავითაშვილი: ბიზნესსექტორში 737 000 ადამიანია დასაქმებული
04/09/2023 11:34:57 ეკონომიკა
ბიზნესსექტორში ჯამში 737 000 დასაქმებული გვყავს. ეს ყველაზე მაქსიმუმია, რაც კი ოდესმე გვყოლია, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 18%-მდე გაიზარდა და 1914 ლარი შეადგინა.
ამასთან, დავითაშვილმა თქვა, რომ ივლისში ეკონომიკური ზრდა 5.5% იყო, ხოლო მიმდინარე წელს ჯამში ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა.
„ძირითადი ფაქტორი, რის გამოც უფრო მეტი ზრდა არ გვაქვს, იცით, რომ მიმდინარე წელს კრიტიკულ მინერალებზე შედარებით დაბალი ფასები არის, რაც ექსპორტზე აისახება. ძირითადად, ეს არის ადგილობრივ ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები. დამატებით რომ გვქონდეს ექსპორტში ის კონიექტურა, რაც გასულ წელს იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი ზრდა გვექნებოდა. ჩვენი პროგნოზით, ექსპორტის ამ ნაწილში გაუმჯობესებას წლის მეოთხე კვარტალში ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე კიდევ უფრო მაღალი შენარჩუნება,“ - თქვა დავითაშვილმა.