
დუმბაძე: თუ ვინმე არ მოინდომებს თანამშრომლობას, მასზეა დამოკიდებული
04/09/2023 10:29:08 საზოგადოება
მწერალთა სახლის ახალმა დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ მწერალთა სახლიდან არავის გათავისუფლებას გეგმავს.
დუმბაძის თქმით, ამ ადამიანებთან წლები აკავშირებს და სჯერა, რომ ყველაფერი დალაგდება:
„ყველაფერი დალაგდება. მე ასე ვფიქრობ იმიტომ, რომ წლები მაკავშირებს ამ ადამიანებთან. მე არ ვარ მათთვის უცხო. თუ ვინმე არ მოინდომებს თანამშრომლობას, ეს მასზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ვინმეს ვუთხრა, წაბრძანდი სახლში, ასეთი რამ არ არსებობს“ – თქვა დუმბაძემ.
4 სექტემბერს ქართველი მწერელების, მთარგმენელბის, გამომცემლებისა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ნაწილმა განცხადება გაავრცელა და მწერალთა სახლს ბოიკოტი გამოუცხადა.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს მწერალთა სახლს დღეიდან, 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.
მისი ხელმძღვანელად დანიშვნას კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა - თავად მწერალთა სახლმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას.
აგვისტოს დასაწყისში მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა ეწურება. ლომოური ფეისბუქზე წერდა, რომ სამინისტროს წერილობით უკვე აცნობა, რომ ვადის გაგრძელებით იყო დაინტერესებული.