რეზნიკოვმა რადას აცნობა, რომ ტოვებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას
04/09/2023 07:49:37 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა პარლამენტს - ვერხოვნა რადას მიმართა განცხადებით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
„უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის უმაღლეს რადას გადავეცი“, - დაწერა რეზნიკოვმა სოციალურ ქსელში.
რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ მზად არის ანგარიშის ჩასაბარებლად.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის 50%-ზე მეტი უკვე გათავისუფლებულია და უკრაინელი დამცველები ყოველ დღე წინ მიიწევენ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 3 სექტემბერს დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ რეზნიკოვი მისი გადაწყვეტილებით დატოვებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. ზელენსკის თქმით, რეზნიკოვმა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა და ახლა თავდაცვის სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე, მთლიანად საზოგადოებასთან.
რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რეზნიკოვის შემცვლელად პარლამენტს წარუდგენს რუსტემ უმეროვს, რომელიც ამჟამად სახელმწიფო ქონების მართვის ფონდს ხელმძღვანელობს.
ვრცელდება ცნობები, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთში დაინიშნება ელჩად.


